ქართველები, რომლებიც დაბრუნდებიან ქვეყანაში ისინი გაივლიან 2 კვირიან კარანტინს უცხოელი სტუმრები არა

საქართველოს მოქალაქემ ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტის შემდგომ, სამშობლოში დაბრუნებისას, 2-კვირიანი კარანტინი უნდა გაიაროს, თუმცა ეს არ ეხებათ EU-ს იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომელთაც საქართველოს მთავრობა საზღვარს უხსნის. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა “რუსთავი 2-თან” საუბრისას  საქართველოს მოქალაქეთა კონტაქტების შესაძლო სიმრავლით ახსნა. 

“ჩვენ შევაფასებთ ვითარებას, რეალურად, უცხოური ვიზიტორისთვის გაცილებით უფრო ნაკლებია იმ პირთა წრე, რომელთანაც შეიძლება უშუალო კონტაქტში შევიდეს, ხოლო საქართველოს მოქალაქისთვის ეს გაცილებით უფრო ფართოა. შესაბამისად, უფრო ინტენსიურია. ამაზე ეპიდემიოლოგები უფრო კონკრეტულ პასუხს გაგცემენ. ამიტომ, საფრთხეების გათვალისწინების გამო მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება და ამ რეგულაციის არსებობა”, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, 14-დღიანი კარანტინით ქვეყანა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

“აქ საუბარი უთანასწორობაზე არ არის, ეს არ არის დისკრიმინაციული ვითარება. 5 სახელწიფო, რომელზეც ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ როგორც მოქალაქეებზე და ასევე, რეზიდენტებზე, და ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ პანდემიის პირობებში უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო.

ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის უზრუნველვყობთ 14-დღიანი კარანტინით. ყველა აღიარებს არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, რომ ეს არის ძალიან სწორი მიდგომა, რომელმაც საშუალება მოგვცა მიგვეღო ის შედეგი, რა შედეგიც გვაქვს. ჩვენ გვექნება სპეციალური ელექტრონული ფორმა, რომელსაც შეავსებს აბსოლუტურად ყველა ადამიანი, რომელიც შემოდის საქართველოში და, შესაბამისად, ამ ფორმის საფუძველზე რისკების მართვაც უფრო გაგვიადვილდება”, – უთხრა ჩიქოვანმა ტელეკომპანიას.

მთავრობის არგუმენტებს არ იზიარებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი, რომელიც მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება აბსურდული და ანტიკონსტიტუციურია.

“სინამდვილეში ამის მიზეზი ისაა, რომ მათ სურთ, მკაცრად შეზღუდონ საქართველოს მოქალაქეების გასვლაც და შემოსვლაც ქვეყანაში. პრაქტიკულად, ეს არის ანტიკონსტიტუციური და დისკრიმინაციული, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა.

ამ ეპიკური აბსურდულობის გასაგებად წარმოვიდგინოთ ოჯახი, რომლის ერთი წევრი არის საქართველოს მოქალაქე, მეორე წევრი კი – ესტონეთის მოქალაქე. ეს ოჯახი დაბრუნდა საქართველოში. ამ ოჯახის ერთ წევრს სახელმწიფო ჩააყუდებს ორკვირიან კარანტინში, მეორეს კი ეტყვის – მობრძანდი და რაც გინდა, ქენი”, – ამბობს ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

“ის ნორმა, რომ  ადამიანმა უნდა გაიაროს კარანტინი, თუ ის იმყოფებოდა არა იმ ქვეყნებში, რომელთაც ვუხსნით საზღვრებს, [არამედ სხვა ქვეყნებში], ამ ნორმაში რაღაც ლოგიკა არის. მაგრამ თუკი საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომელთაც საზღვრებს ვუხსნით და მათ უნდა გაიარონ კარანტინი, ეს არის მავნებლობა”, – ამატებს ის.

კანდელაკის თქმით, გასაზრდელია იმ ქვეყნების რიცხვიც, რომელთაც საქართველო საზღვრებს უხსნის. მისი თქმით, სიას პოლონეთიც უნდა დაემატოს, იქ არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე.

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.