სასწრაფოდ! ოჯახი შველას ითხოვს იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის ცხედარი თვითმფრინავში არ აღმოჩნდა

იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის, ნინო ნარუშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს. გარდაცვლილი ემიგრანტის შვილის, თათია გაბიჩვაძის ინფორმაციით, ცხედარი, რომელიც იტალიიდან თბილისში დღეს უნდა ჩამოესვენებინათ, თვითმფრინავში არ აღმოჩნდა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ცხედარს თბილისის აეროპორტში ელოდებოდნენ, თუმცა როგორც შვილი აცხადებს, მიიღეს მხოლოდ საბუთები, დედის ცხედარი კი თვითმფრინავში არ იყო.

გარდაცვლილის ოჯახი პასუხისმგებლობას თურქულ ავიაკომპანიას აკისრებს, რომელმაც იტალიიდან სპეციალური რეისი გაანახორციელა.

თათია გაბიჩვაძის თქმით, იტალიიდან წამოსული თვითმფრინავი ჯერ თურქეთში დაეშვა, თურქეთიდან კი სამშობლოში ცხედარი სხვა რეისით უნდა გადმოესვენებინათ, თუმცა, მისივე თქმით, კომპანიის უპასუხისმგებლობის გამო ცხედარი თურქეთშივე დარჩათ.

კომპანიამ აღნიშნულთან დაკავშირებით გარდაცვლილის ოჯახი საქმის კურსში არ ჩააყენა, სატელეფონო საუბრისას კი თათიას განუმარტა, რომ მიცვალებულისთვის თვითმფრინავში ადგილი არ აღმოჩნდა და თავად ყოველგვარი პასუხისმგებლობა მოიხსნა. თურქეთიდან საქართველოში მომდევნო სპეცრეისი 2 ივლისს უნდა განხორციელდეს, თუმცა ოჯახი ცხედრის უფრო ადრე გადმოსვენებას ითხოვს.

52 წლის ნინო ნარუშვილი 10 წელი იტალიაში ემიგრაციაში იმყოფებოდა. იგი 4 ივნისს გარდაიცვალა ქალაქ ბარიში რამდენიმეხნიანი ავადმყოფობის შედეგად. როგორც stv.ge წერს, არასწორია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქალბატონ ნინოს სიმსივნე ჰქონდა. მისი შვილის, თათია გაბიჩვაძის ინფორმაციით, დედამისი ექიმების დაუდევრობის გამო გარდაიცვალა იმუნური სარკოიდოზით:

„სასიკვდილო დედას არაფერი სჭირდა, უბრალოდ, ჰქონდა ინფექცია ანუ იმუნური სარკოიდოზი. სარკოიდოზი არაა სიმსივნე და არც სასიკვდილო. ამ დაავადებას კურნავენ და წლებით ცხოვრობენ, უბრალოდ, არ მიაქცია ყურადღება ჯერ პატრონმა, სადაც დედაჩემი მუშაობდა და მერე საავადმყოფომ“, – ამბობს STV NEWS-თან თათია გაბიჩვაძე.

STV NEWS-ის ინფორმაციით, ემიგრანტს ოჯახთან, სადაც მუშაობდა, ხელშეკრულება ჰქონდა დადებული, რომლის მიხედვითაც მას სახლიდან გასვლა მეპატრონის შვილების დაუკითხავად ეკრძალებოდა. მან რამდენჯერმე დაურეკა მათ და სთხოვა, რომ ცუდად იყო და საჭიროებდა სამედიცინო გამოკვლევებს, თუმცა ყურადღება არ მიაქციეს.

ნინო ნარუშვილი იტალიის ერთ-ერთი პროვინციის საავადმყოფოში მოგვიანებით სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქართველი ემიგრანტების დახმარებით გადაიყვანა. მან აღნიშნულ საავადმყოფოში დაახლოებით ორი თვე დაყო. შვილის თქმით, ექიმებმა მას შესაბამისი დახმარება ვერ გაუწიეს და პროფესიული გულგრილობა გამოიჩინეს. როგორც თათია გაბიჩვაძე აცხადებს, დედამისი კონტაქტზე მხოლოდ მაისამდე იყო, 4 ივნისს კი იმავე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ოჯახი საავადმყოფოს ექიმების წინააღმდეგ საჩივრის შეტანას აპირებს. თათია გაბიჩვაძის თქმით, ადვოკატი უკვე აიყვანეს, რომელიც სამართლებრივ პროცესებს წარმართავს. ოჯახი კომპანსაციას ითხოვს.

ნინო ნარუშვილის ოჯახი ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ცაიშში ცხოვრობს. მას სამი შვილი დარჩა. ოჯახი გარდაცვლილის ცხედრის ზუგდიდში ჩასვენებაში დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.

წყარო

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.